შეჩერდება თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია
032 205 44 43 general@justfly.ge

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

შეჩერდება თუ არა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია

თითქმის ერთი წლის წინ ყველამ ერთად ვიზეიმეთ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესი. ერთი წლის თავზე ამ მიმართულებით ისეთი პრობლემა გაჩნდა, რომ ხელისუფლება კანონმდებლობის გამკაცრებაზე დაფიქრდა. პირველი უკმაყოფილო განცხადება და „შეჩერების მექანიზმის“ ამოქმედების სურვილი გერმანიიდან გაისმა. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელმძღვანელობა თავშესაფართა მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობაზე წუხს. რეგიონში ღელავენ კრიმინალის მომატებასთან დაკავშირებითაც. გაზრდილ კრიმინალსა და ლტოლვილად დარჩენის მსურველთა რაოდენობის ზრდაზე შენიშვნა საქართველომ ევროკომისიისგანაც მიიღო. არადა, ვიზალიბერალიზაციის მოსაპოვებლად ქვეყანამ რთული გზა გაიარა. ევროპაში უვიზო მოგზაურობის უფლება მხოლოდ ცალმხრივი ნება არ არის. ის მეორე მხარის, ამ შემთხვევაში საქართველოს პასუხისმგებლობასა და კანონების პატივისცემასაც გულისხმობს. ცხადია, თუ არ ვემორჩილებით წესს, ყველა ვკარგავთ ამ უფლებას. ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას და უვიზო რეჟიმის შეფერხების თავიდან აცილებას გამკაცრებული ზომებით აპირებს. მთავრობის ახალი რეგულაციით, ყველა დამრღვევს, ვინც ევროპაში ყოფნის 90-დღიან ვადას გადააცილებს, დაბრუნების, ანუ რეადმისიის ხარჯების გადახდა თავად მოუწევს. მუშაობა იწყება საკანონმდებლო კუთხითაც. ფინანსურ სანქციებთან ერთად შესაძლოა პროცედურები გვარის შეცვლაზეც გართულდეს. რამდენად რეალურია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და როგორ აპირებს ხელისუფლება ამის თავიდან აცილებას. „ქრონიკა” საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს ესაუბრა.

რადგან ხელისუფლებამ ამ საკითხზე გუშინ საგანგებო თათბირიც მოიწვია და ისაუბრა იმაზე, რომ კანონის უნდა გამკაცრდეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ პრობლემა მართლაც რეალურია. მაგალითად, მედიისთვის ეს საკითხი ყურადსაღები გახდა მას შემდეგ, რაც გავიგეთ გერმანიის ერთ-ერთ რეგიონში წამოიჭრა იდეა. ხელისუფლებას, ალბათ, უფრო მეტი მონაცემები აქვს ამ თემაზე, ამიტომ, პირველი რაც მაინტერესებს, რა მონაცემებს ფლობს ხელისუფლება ამ დროისთვის, სტატისტიკა არის თუ არა შემაშფოთებელი, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციის პროცესს გარკვეული საფრთხე დაემუქროს? სტატისტიკაში ვგულისხმობ იმას, თუ რამდენი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან ისე, რომ უკან აღარ დაბრუნდა და რამდენს შეეხო რეადმისია. თუ შეგიძლიათ ეს რომ გვითხრათ?

ეს საკითხი არის ძალიან მაღალი პრიორიტეტის საკითხი ჩვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, რადგანაც ვიზალიბერალიზაციის სიკეთით ისარგებლა მრავალმა ათასმა საქართველოს მოქალაქემ, დაახლოებით 200 000-მა მოქალაქემ მისი ამოქმედების შემდეგ. მათ ისარგებლეს იმ სიკეთეებით, რაც უკავშირება როგორც მოკლევადიან ვიზიტებს ტურისტული მიზნებისთვის, ასევე სწავლის მიზნებისთვის, მკურნალობის მიზნებისთვის, ბიზნესის, კულტურის თუ სხვა კავშირების დასამყარებლად. ეს არის ის თავისუფლება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირთან ურთიერთობებში და ეს თავისუფლება აუცილებლად არის შესანარჩუნებელი, რადგანაც ის ატარებს როგორც პოლიტიკურ მნიშვნელობას, ასევე პრაქტიკულ მნიშვნელობას. სწორედ ამიტომ. იმ წუხილებს, რომელიც გამოითქვა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, წევრი ქვეყნების მხრიდან…

ანუ, ეს არ არის მხოლოდ გერმანია, ხომ ასეა?

დიახ. ჩვენ მანამდე მოვისმინეთ, რომ ასეთივე, სტატისტიკის ზრდით იყო გარკვეულწილად შეწუხებული სხვადასხვა წევრი ქვეყნები, მაგალითად შვედეთი და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან იმისათვის, რომ მათი ეს წუხილები იქნას შესაბამისად პასუხგაცემული და ჩვენი მხრიდან იყოს შესაბამისი ადეკვატური რეაგირება. თუმცა მე მინდა დავუბრუნდე თქვენს კითხვას და პირველ რიგში, ხაზი გავუსვა, რომ დღეს ნამდვილად არ არის სტატისტიკა ისეთი, რომელიც შეიძლება გახდეს საფუძველი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების.

ანუ, სტატისტიკა არ გამხდარა გამკაცრების საფუძველი, არამედ ის შეშფოთება, რომელიც პარტნიორი ქვეყნებიდან ისმის?

მაგრამ შევეცდები ავხსნა, რას ვგულისხმობ. მაგალითად, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუ შევადარებთ 2016 და 2017 წლების ერთიან ციფრს, გაზრდილი არ არის, მაგრამ გაზრდილია მაგალითად, ბოლო პერიოდში. 2017 წლის შემოდგომიდან მოყოლებული თუ მივადევნებთ სტატისტიკას თვალს, უკვე ყოველთვიურად ვხედავთ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს მივყვებით ძალიან აქტიურად პარტნიორებთან ერთად, ვაკვირდებით და ვდგამთ ერთობლივ ნაბიჯებს.

ვიდრე ერთობლივ ნაბიჯებზე გადავალთ და შემდგომ უკვე იმაზე, თუ რა რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობს ხელისუფლება, მანამდე თქვენ დაასახელეთ შვედეთი, სადაც, ანალოგიური პრობლემაა. კიდევ რომელ ქვეყნებში გვიჭირს ასე განსაკუთრებულად? მაგალითად, გერმანია გამოიკვეთა, არის კიდევ ასეთი თვალშისაცემი მომატებული სტატისტიკა ევროპის სხვა ქვეყნებში?

სხვა ქვეყნებზე ასე განსაკუთრებულად ვერ ვისაუბრებდი. პირველი ასეთი მონაცემები, სადაც დაფიქსირდა, ეს ორი ქვეყანაა. თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთანაც გვაქვს ორმხრივ რეჟიმში ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა და ამ ქვეყნებთანაც, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა. ეს ეხება როგორც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას და მონაცემებს, ასევე ორგანიზებულ კრიმინალთან ბრძოლას. ეს არის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

მაშინ, მოდით ვისაუბროთ, რას ნიშნავს გამკაცრება. ეს გამკაცრება საკანონმდებლო დონეზეა თუ კიდევ სხვა რეგულაციებს გულისხმობს?

ხშირ შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებლები მიდიან ძალიან არასწორი ინფორმაციით. ეს ადამიანები შეცდომაში არიან შეყვანილნი სხვადასხვა შუამავლების თუ სხვა კერძო პირების მხრიდან. ჩვენ ასეთი სცენარი ვიხილეთ ისრაელის შემთხვევაში, სადაც გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები და ამან გარკვეულწილად ხელი შეუწყო პროცესის დარეგულირებას. შუამავლები ჩვენს მოქალაქეებს სთავაზობენ, რომ ისინი დაეხმარებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლაში, დასაქმებაში, თავშესაფრის მიღებაში და ასე შემდეგ სხვა სიკეთეებს ჰპირდებიან. შესაძლოა ამაში გარკვეულ თანხასაც იღებდნენ. შემდეგ ჩვენი ეს მოქალაქეები, რომლებიც ასეთი შუამავლების მეშვეობით მიემგზავრებიან ევროკავშირში, ისინი ხდებიან მსხვერპლნი უკვე ამ ცრუ ინფორმაციის, მათ შემდეგ უწევთ ფინანსური ზარალის ანაზღაურება. ასევე ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის ვერ მიღების შემთხვევაში, და რა თქმა უნდა, იქაური მიგრაციისა და პირობების და უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის შემთხვევაში მათ 5 წელი საერთოდ ეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა, ასევე შესაძლოა დაეკისროთ 3 000 ევრო ჯარიმა. ჩვენის მხრივ, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც დაარღვევს ამ წესს, საქართველოშიც ჰქონდეთ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაკისრებული.

ჯარიმის სახით?

თუ რა პასუხისმგებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი, ამაზე ვმსჯელობთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება შემდგომი მსჯელობის საგანი, მაგრამ ჩვენი მიზანია, ყველა კარგად გავაფრთხილოთ და ასევე არ მივცეთ საშუალება გარკვეულ ჯგუფებს, რომ დააზიანონ ეს დიდი შედეგი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

კარგად გავაფრთხილოთ, რას ნიშნავს? ინფორმირებულობა არის მთავარი, – ეს ძალიან ბევრჯერ გავიგეთ ამ დღეების განმავლობაში და რას გულისხმობს ეს, სატელევიზიო რგოლების დამზადებას, ფლაერების დარიგებას? ფლაერები და სატელევიზიო რგოლები რამდენად მოაგვარებს ამ საკითხს. მოდით, ვთქვათ, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღებამდეც კი გარკვეულწილად არსებობდა ეს რისკი, რომ ამ პრობლემის წინაშე დავდგებოდით. როგორ მოხდება ინფორმირებულობა და რა ეფექტს ელოდებით ამისგან?

დღევანდელი ჩემი მონაწილეობა თქვენს გადაცემაში ამ კომუნიკაციის ერთ-ერთი გზა არის და ჩემი მიზანია, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიემგზავრებიან შუამავლების რეკომენდაციით თავშესაფრის საძიებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ ავუხსნა, რომ თავშესაფრის მაძიებლის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს ის ადამიანი, რომელიც არ იდევნება მის ქვეყანაში. საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყნის მიერ და შესაბამისად, თუ არ არსებობს პოლიტიკური დევნა, თუ არ არსებობს სხვა ტიპის დევნა, რომელსაც ეს ადამიანი განიცდის, ევროპული ქვეყნები მას თავშესაფარს არ მიანიჭებენ. შესაბამისად მას მოუწევს პირადი გადახდილი თანხის ზარალი და შესაბამისად ეს მისთვის არის ფინანსური ძალიან დიდი წნეხი, ასევე ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი.

ანუ, ორმაგი დაუჯდება მოქალაქეს, რომელიც არღვევს კანონს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც კი ვიზალიბერალიზაციის წესებს არღვევს. მეორე მთავარი პრობლემა კრიმინალს ეხება. შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ატაშეებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები. რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით? რიგ ევროპულ ქვეყნებში ასეთი რამ უკვე მუშაობს და ყველა ევროპულ ქვეყანაში ეყოლება საქართველოს ეს წარმომადგენელი, თუ როგორ მოხდება?

სანამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კომპონენტზე გადავალ, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინფორმაციით თავშესაფრის მაძიებელთა სადღაც 100 მოთხოვნიდან ერთი კმაყოფილდება.

საქართველოს მიმართ?

საქართველოს მიმართ, რადგანაც საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ თავშესაფარს ვერ მიიღებს ჩვენი მოქალაქე, როდესაც გაემგზავრება ევროკავშირის წევრ ქვეყანაში თავშესაფრის მოსათხოვნად. ამიტომ, ეს არის რისკი, ეს არის ლატარია, რომელსაც შეიძლება თამაშობდეს საქართველოს მოქალაქე გაუცნობიერებლად და ჩვენი მიზანია მათ ავუხსნათ, რომ ეს არ არის გზა არც გამდიდრებისკენ, ეს არ არის გზა არალეგალურად და ხანგრძლივად ევროკავშირში დარჩენისთვის და არც სამუშაოს საძიებელი გზა არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა ისარგებლონ იმ პირობებით, რომლითაც დაშვებულია უვიზო მომოსვლა. ეს არის მოკლევადიანი, 90-დღიანი ვიზიტები.

რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ. შემაშფოთებელია ის ცნობები, რომელიც მოდის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და რა თქმა უნდა, ეს აზიანებს ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯსაც და თითოეულ ჩვენთაგანს, საქართველოს კანონმორჩილ მოქალაქეს. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა წევრ ქვეყანასთან. მინდა მოგახსენოთ კონკრეტული მაგალითი გერმანიასთან მიმართებაში. ჩვენ გერმანიასთან, როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან გავაფორმეთ შესაბამისი შეთანხმება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით, ასევ გავაფორმეთ გერმანიის ექვს მიწასთან, სადაც გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი. არსებობს ჩამოყალიბებული ძალიან კარგი თანამშრომლობა. ეს ვიზიტები გაგრძელდება. ჩვენ ასევე გვყავს ჩვენი პოლიციის ატაშეები, რომლებიც იმ ქვეყანაში აქტიურად თანამშრომლობენ შესაბამის უწყებებთან. ამ თანამშრომლობას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის გამოწვევები. ძირითადად, ჩვენ ვაწყდებით ისეთ გამოწვევებს, რომ მოქალაქეები ჩადიან და ისინი ქურდობით არიან დაკავებულები. შემდეგ ან უკან ბრუნდებიან, ან რჩებიან ადგილზე, ამიტომ ჩვენ ამ ნაწილში აუცილებლად კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ. შინაგან საქმეთა მინისტრს დაგეგმილი აქვს შესაბამისი ვიზიტებიც და ასევე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაც.

შეჯამების სახით, კიდევ ერთხელ რომ გვითხრათ, არის თუ არა რაიმე მინიშნება მაინც, რომ ამოქმედდება შეჩერების მექანიზმი ამ ეტაპზე, ან თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, ამ მონაცემებით, რაც დღეს გვაქვს?

შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას აქვს შესაბამისი პირობები, კონკრეტული გაწერილი პირობები და დღეს ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, როდესაც შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამუშავდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენის მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ არ დადგეს ის მოცემულობა, ის სტატისტიკა. ანუ ეს მზარდი ტენდენცია არ შენარჩუნდეს იმისათვის, რომ ასეთი მოცემულობა დადგეს. მთავრობის ქმედებები, რა თქმა უნდა, იქნება აქტიური, მაგრამ მოქალაქეებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. იმისათვის, რომ ყველა მოქალაქემ გაიგოს, თუ რა პირობებია ვიზალიბერალიზაციისთვის, კიდევ უფრო მეტად მივიტანოთ მათთან ეს ინფორმაცია და ასევე შევძლოთ მათი ინფორმირება, რომ ისინი შეცდომაში არ შეიყვანონ და მათ როგორც ფინანსური ზარალი, ასევე სხვა ზარალი არ მიიღონ ამით, ამისათვის მაქსიმალურ კამპანიას წარვმართავთ.

შეიძინეთ ყველაზე იაფი ავიაბილეთი

დაჯავშნეთ იაფი სასტუმრო

ჩვენ გირჩევთ..

იაფი ავიაბილეთები

Georgian Airways
Qatar Airways
Turkish Airlines
KLM
[icegram campaigns=5981]